დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

2019 წლის 19 იანვარს, „რუსთავი 2-ზე“ გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში“, რომელიც 2011 წელს მთავრობის მიერ მფლობელებისთვის „კონსტანტა ბანკის“ ჩამორთმევის მცდელობას ეხებოდა. ფილმი პროკურორებისა და მოსამართლეების მიერ გარკვეულ გადაცდომებზე მიანიშნებდა.

ამავე წლის 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში, „CRRC-საქართველომ“ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა, იმის შესასწავლად, რამდენად ნახა საზოგადოებამ ეს ფილმი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფილმისა და მასში წამოწეული თემების მიმართ. გამოკითხვის ძირითადი საკითხები იყო:

  • რამდენად იცოდა მოსახლეობამ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შესახებ, რომელიც შეიქმნა სწორედ ამ საგამოძიებო ჟურნალისტურ ფილმში ასახულ პრობლემატურ საკითხებზე სამუშაოდ;
  • რამდენად მოელოდა მოსახლეობა პროკურატურის მიერ სამართალწარმოების მონაწილე პირების ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის ეფექტურად განხორციელებას;
  • გამოკითხულთა აზრით, რამდენად ხშირი იყო საქართველოში მოსამართლეების გარიგება ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად
  • და თუ გაიხსენებდნენ ბოლო პერიოდის რომელიმე კონკრეტულ საქმეს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კერძო პირებისთვის ქონების ჩამორთმევას ეხებოდა.

 

სატელეფონო გამოკითხვაში მონაწილეობა 804-მა რესპონდენტმა მიიღო. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. გამოკითხვის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.6%-ია. ბლოგში განხილული შედეგები ყველა ჩატარებულ ინტერვიუს ეფუძნება (804) და მონაცემები შეწონილია ქართულენოვანი მოსახლეობის ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „მოსამართლეების ხელისუფლების სამსახურში“ „რუსთავი 2-ზე“ გავიდა და ასევე გავრცელდა „რადიო თავისუფლებისა“ და „სტუდია მონიტორის“ ვებგვერდებისა და სოციალური გვერდების საშუალებით. საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ3%-მა დაადასტურა ამ ფილმის ნახვა და ამ სამი პროცენტიდან უმრავლესობამ (66%) ფილმი „რუსთავი 2-ზე“ ნახა. მათმა უმრავლესობამ, ვინც ეს ფილმი ნახა (54%), იგი დამაჯერებლად მიიჩნია, 14%-ისთვის ეს ფილმი არ იყო დამაჯერებელი, ხოლო 32%-ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა.

მოსახლეობის მცირე ნაწილს სმენოდა პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შესახებ. მხოლოდ 12%-მა განაცხადა, რომ გაუგია პროკურატურაში ასეთი დეპარტამენტის შექმნის შესახებ. დიდმა უმრავლესობამ (87%) ამაზე არაფერი იცოდა.

მოსახლეობა ხშირად არ არის დარწმუნებული იმაში, თუ რამდენად წარმოადგენს პროკურატურა ნეიტრალურ აქტორს სასამართლოსთან მიმართებაში. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედმა (26%) თქვა, რომ, მათი აზრით, სრულიად მოსალოდნელია ან უფრო მოსალოდნელია, რომ პროკურატურა ეფექტურად განახორციელებს სამართალწარმოების მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას მათი ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში. მოსახლეობის დაახლოებით იმავე წილის (27%) თქმით, უფრო არ არის მოსალოდნელი ან საერთოდ არ არის მოსალოდნელი, რომ პროკურატურამ ეფექტურად განახორციელოს სამართალწარმოების მონაწილე პირების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. თუმცა, მოსახლეობის ძირითად ნაწილს გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, თითქმის ნახევარმა (46%) „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირა, ხოლო 1%-მა კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.


რაც შეეხება მოსამართლეების მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებას მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა (30%) განაცხადა, რომ, მათი აზრით, საქართველოში ეს ხშირად ხდება; 27%-მა თქვა, რომ ეს იშვიათად ხდება და მხოლოდ 6%-მა აღნიშნა, რომ ეს ქვეყანაში არასდროს ხდება. მოსახლეობის დიდ ნაწილს (37%) პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც გაუჭირდა.

საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა (1%) შეძლო ბოლო პერიოდის რომელიმე კონკრეტული საქმის დასახელება, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ კერძო პირებისთვის ქონების ჩამორთმევას ეხება. რესპონდენტების ძირითადი პასუხი იყო „არ ვიცი“ (49%) ან „ვერ ვიხსენებ კონკრეტულ საქმეს“ (46%), 4%-მა საერთოდაც უარი განაცხადა ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე. რამდენიმე კონკრეტული საქმე, რაც დაასახელეს, იყო: ომეგას საქმე, თიბისი ბანკის საქმე და ანზორ ქოქოლაძის საქმე.

ამრიგად, სატელეფონო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის მცირე ნაწილს სმენია პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნის შესახებ, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. მოსახლეობა უმეტესად არ არის დარწმუნებული, თუ რამდენად განახორციელებს პროკურატურა ეფექტურ სამართლებრივ დევნას სამართალწარმოების მონაწილე პირების მიმართ და მათი თითქმის მესამედი საქართველოში მოსამართლეების გარიგებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ხშირ მოვლენად მიიჩნევს.

2019 წლის 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში ჩატარებულ გამოკითხვაში 804 ადამიანი გამოიკითხა. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი 2.6%-ია. გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, CRRC-საქართველოსა (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU).


ამ ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოს პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, IDFI-სა და სტუდია მონიტორის შეხედულებებს.

გაზიარება