საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

2018 წლის 3 ნოემბერს რუსთავი 2-ზე გავიდა „სტუდია მონიტორისა“ და „რადიო თავისუფლების“ საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“, რომელიც საქართველოს პროკურატურაში შეჩერებულ გამოძიებას ეხებოდა. ფილმი ხაზს უსვამდა პროკურორებისა და მოსამართლეების მიმართ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, უძრავი ქონების ჩამორთმევასა და კერძო პირებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

იმავე წლის 16-დან 28 ნოემბრამდე პერიოდში CRRC-საქართველომ ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა იმისთვის, რომ გაეგო, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილმა ნახა ეს ფილმი და რა დამოკიდებულება ჰქონდათ ფილმში წამოჭრილი საკითხების მიმართ. გამოკითხვაში ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ საკითხებზე:

    • მოსახლეობის აზრით, რამდენად ხშირია საქართველოში პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მოსამართლეებთან გარიგება მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად;
    • რამდენად ობიექტურად განახორციელებს პროკურატურა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას მათ მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში;

სატელეფონო გამოკითხვის ფარგლებში ჩატარდა 599 დასრულებული ინტერვიუ. შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის. ცდომილების საშუალო ზღვარი 2.4%-ს შეადგენს. ბლოგში აღწერილი მონაცემები ეფუძნება ყველა დასრულებულ ინტერვიუს (599) და შეწონილია რესპონდენტების ძირითადი დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმი „როგორ დავიმორჩილოთ მოსამართლე“ რუსთავი 2-ზე გავიდა და ასევე გამოქვეყნდა „რადიო თავისუფლებისა“ და „სტუდია მონიტორის“ ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე, საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 2%-მა დაადასტურა გამოკითხვაში მისი ყურება. მათ შორის, ვინც ფილმი ნახა, უმრავლესობამ ფილმს რუსთავი 2-ზე უყურა და ფილმში წარმოდგენილი ჟურნალისტური გამოძიება დამაჯერებლად ან ნაწილობრივ დამაჯერებლად მიიჩნია.

რესპონდენტებს ჰკითხეს, მათი აზრით, საქართველოში პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება კონკრეტულ საქმეზე მუშაობისას ხშირად ხდება, იშვიათად თუ არასდროს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მცირე წილმა ნახა საგამოძიებო ჟურნალისტური ფილმი, მოსახლეობის მეოთხედზე მეტმა (27%) დააფიქსირა, რომ პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ხშირად ხდება, 44%-მა, რომ ეს იშვიათად ხდება და მხოლოდ 8%-მა განაცხადა, რომ პროკურორების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საქართველოში არასდროს ხდება. მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედმა (21%) კითხვას პასუხი ვერ გასცა და „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირა.

მსგავსი სკალის გამოყენებით გამოკითხვაში დაისვა კითხვა საქართველოში პროკურორების გარიგებაზე მოსამართლეებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ შემთხვევაში მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტმა ვერ უპასუხა კითხვას, 28%-მა „არ ვიცი“ პასუხი დააფიქსირა. მეოთხედზე ნაკლებმა (23%) თქვა, რომ ეს ხშირდ ხდება, 37% – იშვიათად ხდება და 12%-მა, რომ საქართველოში პროკურორების გარიგება მოსამართლეებთან მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად არასდროს ხდება.

საქართველოს მოსახლეობაში არსებული შეხედულებები საქართველოს პროკურატურის მიმართ საკმაოდ განსხვავდება. გამოკითხვაში მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (52%) თქვა, რომ პროკურატურას ენდობა (22% სრულად ენდობა და 30% უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა მას). მოქმედი მაღალჩინოსნების შემთხვევაში, 41%-ის თქმით, პროკურატურა ობიექტურად განახორციელებს მათ სამართლებრივ დევნას და ასევე 41%-ის თქმით, პროკურატურა მათ სამართლებრივ დევნას არაობიექტურად განახორციელებს. საქართველოს მოსახლეობის მოსაზრება ყოფილი მაღალჩინოსნების შემთხვევაშიც გაყოფილია, 41%-ის თქმით, პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას ობიექტურად განახორციელებს, ხოლო 38%-ის აზრით – არაობიექტურად. საინტერესოა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ კითხვაზე მოსახლეობის 4-მა და 3%-მა (დასახელების თანმიმდევრობის შესაბამისად) დააფიქსირა მოსაზრება, რომ პროკურატურა საერთოდ არ განახორციელებს მათ სამართლებრივ დევნას.

მათგან, ვინც უპასუხა, რომ საქართველოს პროკურატურა მოქმედი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას ძალიან არაობიექტურად განახორციელებს (17%), მეოთხედზე მეტმა (28%) ბოლო პერიოდის კონკრეტულ საქმეთაგან სარალიძის საქმე გაიხსენა, 6%-მა დაასახელა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეები და 3%-მა – ფარცხალაძის საქმე. თუმცა, დაახლოებით ნახევარს (49%) გაუჭირდა კონკრეტული საქმის დასახელება.

ხოლო მათგან, ვინც თქვა, რომ საქართველოს პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას ძალიან არაობიექტურად განახორციელებს (11%), ნახევარმა (50%) ვერ გაიხსენა კონკრეტული საქმე, 6%-მა ამ შემთხვევაშიც სარალიძის საქმე დაასახელა, 4%-მა – მირცხულავას საქმე და 2%-მა – რობაქიძისა და მერაბიშვილის საქმეები.

„სტუდია მონიტორმა“ და „რადიო თავისუფლებამ“ ფილმში განიხილეს სამართლიანობის აღდგენა – პროცესი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ წამოიწყო 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. გამოკითხვაში რესპონდენტებს ჰკითხეს აზრი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ხელისუფლების განცხადებით, ამ პროცესის მიზანი იყო ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა, ვინც წინა ხელისუფლების დროს ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა. საზოგადოების ნაწილი თვლიდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნის გამართლებას ემსახურებოდა. თუმცა, თავად გამოკითხვაში კითხვაზე, თუ რა იყო სამართლიანობის აღდგენის ფარგლებში წამოწყებული გამოძიებების მიზანი, ყველაზე ხშირი პასუხი იყო საკუთრივ „სამართლიანობის აღდგენა“ (31%). დაახლოებით მეხუთედმა (21%) თქვა, რომ მიზანი მოსახლეობის თვალში მთავრობის კარგად წარმოჩენა იყო და დაახლოებით მესამედმა (30%) სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიზნად პოლიტიკური ანგარიშსწორება დაასახელა. მოსახლეობის მეხუთედზე ნაკლების (17%) აზრით, მიზანი დამნაშავეების დასჯა იყო, 12%-მა კი ეს პროცესი ადამიანის უფლებების დაცვას დაუკავშირა. საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის 16%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

შენიშვნა: რესპონდენტებს ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხის დასახელება შეეძლოთ. ამიტომაც პასუხები 100%-ად არ ჯამდება.

ამრიგად, საქართველოს მოსახლეობაში განსხვავებული დამოკიდებულებაა საქართველოს პროკურატურის მიმართ. დაახლოებით ნახევარი მას ენდობა და მოსახლეობის მეტ-ნაკლებად თანაბარი წილი ფიქრობს, რომ პროკურატურა ობიექტურად ან არაობიექტურად განახორციელებს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას. ეს კი ხაზს უსვამს ნდობის ასამაღლებლად მუშაობის გაგრძელების საჭიროებას მოსახლეობის იმ ნაწილში, ვინც პროკურატურას არ ენდობა.

გამოკითხვა ჩატარდა პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში. პროექტიხორციელდება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, CRRC-საქართველოსა (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU).

ამ ბლოგში წარმოდგენილი მოსაზრებები CRRC-საქართველოს პასუხისმგებლობაა და შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, IDFI-სა და სტუდია მონიტორის შეხედულებებს.

გაზიარება