უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობები მგზავრებისთვის – საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა

კვლევის მიგნებებს შორის, საინტერესოა მძღოლების ქცევის ანალიზი. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მძღოლების 63%-მა ტარებისას განახორციელა სახიფათო მანევრი ერთხელ მაინც, როდესაც არ იცოდნენ, რომ მათზე მონიტორინგი ხორციელდებოდა, ხოლო როდესაც ისინი მონიტორინგის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, სახიფათო მანევრები 66%-ით შემცირდა. იგივე შეიძლება ითქვას ღერძულა ხაზის უკანონოდ გადაკვეთის, ტარების დროს სიგარეტის მოწევისა და ტელეფონზე საუბრის შესახებ. ამ შემთხვევებშიც, მძღოლებში ტარების დროს სახიფათო  ქცევამ საგრძნობლად იკლო, როდესაც მათ იცოდნენ, რომ აკვირდებოდნენ. ნიშანდობლივია, რომ მონიტორინგიდან 2 კვირის შემდეგაც კი, მძღოლები ნაკლებად სახიფათოდ, ან ნაკლებად უყურადღებოდ ატარებდნენ, რაც ანონიმური მონიტორინგის პროგრამის ეფექტურობასა და ხანგრძლივ გავლენაზე მიუთითებს. მონიტორინგის პროგრამასთან ერთად, CRRC-საქართველოსა და ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ შეიმუშავეს სხვა რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საქალაქთაშორისო გადაადგილების სფეროში უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

კვლევის შედეგების საფუძველზე, შეიქმნა პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც CRRC-საქართველომ და ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საზოგადოებას 30 მარტს, პროექტის დასკვნით შეხვედრაზე წარუდგინეს. მომხსენებლებს შორის იყვნენ CRRC-საქართველოს მკვლევრები, გიორგი ბაბუნაშვილი და დასტინ გილბრეტი, რომელთაც კვლევის მეთოდებზე, მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს. ასევე, ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი – გელა კვაშილავა, რომელმაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე გაამახვილა ყურადღება, და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – გოგიტა გვენეტაძე, რომელმაც საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია მიმოიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, და ავტოსადგურების დირექტორები, რომლებმაც პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას. საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა რეგიონებშიც, მათ შორის ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ კვლევას გაცნობოდნენ.

გაზიარება